ახალი ამბები

კახეთში თვითიზოლაციაში იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული 74 პირი იმყოფება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული 74 პირი იმყოფება.

განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეები თვითიზოლაციაში აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობის და ცხოვრების გამო არიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ამ დროისთვის გასული არ არის.

,,აქამდე თვითიზოლაციაში მყოფ იტალიიდან, ჩინეთიდან და სხვა რისკ ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებს ვაკვირდებოდით. გუშინდელიდან კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული პირების ზედამხედველობა დაგვევალა. 11 მარტის საღამოს მონაცემებით, 74 ადამიანი იმყოფება კახეთში თვითიზოლაციაში.

აქედან ახმეტაში- 14, გურჯაანში- 8,დედოფლისწყაროში 1, თელავში 14, ლაგოდეხში 7, საგარეჯოში 13, სიღნაღში 11, ყვარელში კი 6. აღნიშნული ციფრი დღეს ისევ შეიცვლება, რადგან რამდენიმე ადამიანი გამოგვაკლდება. მათ უსრულდებათ კარანტინის პერიოდი.

მინდა ავღნიშნო, რომ იტალიიდან არავინ აღარ ჩამოდის და ვინც ახლა ჩამოვიდა სპეციალური რეისით, კარანტინშია გადაყვანილი’’,– განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

მისი თქმით, თუ როგორ იცავენ თვითიზოლაციაში მყოფი პირები დადგენილ მოთხოვნებს, მათი მხრიდან ყოველდღიური კონტროლი ხორციელდება.

,,ჩვენ მაქსიმალურად ვართ მობილიზებული და თითოეულ პირზე რომელიც თვითიზოლაციაშია, დღეში ორჯერ ხდება კონტროლი როგორც ჩვენი, ასევე სოფლებში მერების წარმომადგენლების და პოლიციის დახმარებით.

ნებისმიერი დარღვევის დროს პოლიცია გვეხმარება საკითხის მოგვარებაში. ერთხელ გაფრთხილების შემდეგ თუ პირი კიდევ დაარღვევს თვითიზოლაციის წესებს, ისინი გადაყვანილი იქნებიან კარანტინში. ამ დროისთვის არავის არ დაურღვევია ეს წესი, რადგან თავადავე ხედავენ რა მდგომარეობაა ქვეყნებში და ფრთხოლობენ.

კახეთიდან ამ დროისთვის არავინ არ გადავგვიყვანია საკარანტინო ზონაში. დღემდე ეს არავის დასჭირვებია’’,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. მისივე განმარტებით, ორი დღის წინ საზღვარზე შემოსვლის მსურველი 15 ადამიანიდან 12 პირს უფიქსირდებოდა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ისინი არ შემოუშვეს. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მათგან 12 აზერბაიჯანის და სამი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი საზღვარზე კორონავირუსზე კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ ან მათაც საკარანტო რეჟიმი გაიარონ.