ახალი ამბები

ცვლილებები გუგლის რუკაზე – აღდგომის ტაძარი, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები აზერბაიჯანის ტერიტორიად ფიქსირდება

,,გუგლის რუკაზე დავით გარეჯის საზღვრები შეიცვალა და არა ჩვენ სასარგებლოდ’’,- ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა ავრცელებს.

მისი თქმით, რუკის მიხედვით, აღდგომის, უდაბნოს მონასტრები და საგარეჯო-რუსთავის გზაგასაყარის ერთი მონაკვეთი მოექცა აზერბაიჯანის მხარეს.

,,ვინმე ფიქრობს, რომ გუგლმა ეს თვითნებურად, ან მხოლოდ აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით შეცვალა? წყნარად და აუღელვებლად შევეგუეთ ჩვენი ხელისუფლების მიერ სომხეთისთვის ხუჯაბის მონასტრის გადაცემის შემთხვევას’’,- წერს დავით ქაცარავა.

აღნიშნულ საკითხზე დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის წევრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების გამოძიებას და მათზე რეაგირებას ითხოვენ.

„საზღვარი არის დაუდგენელი. აზერბაიჯანელებმა ისარგებლეს, ნელ-ნელა გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე და ბოლო ერთი წელია საერთოდ დაკეტეს ქედი. არც ტურისტებს, არც ადგილობრივებს და სასულიერო პირებს არ აქვთ იქ მისვლის საშუალება.

აუცილებლად უნდა გაიხსნას ქედი და ყველა ეკლესია-მონასტერთან, მათ შორის ჩიჩხიტურის, აღდგომის ტაძართან და უდაბნოს ეკლესიასთან უნდა ჰქონდეთ ადამიანებს მისვლის საშუალება,” – განაცხადა დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის წევრმა თეა ბუზარიაშვილმა.