3 და 8 მარტს კახეთში დაგეგმილი ღონისძიებები აღარ ჩატარდება
სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კახეთის რეგიონში, თავშეყრის ადგილების თავიდან აცილების მიზნით, 3 და 8 მარტის მასშტაბური, სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით, რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა.
,,გვქონდა გაფართოებულ რეჟიმში საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. ვიმყოფებით მუდმივ კოორდინაციაში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვმოქმედებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გაცემული კონკრეტული მეთოდოლოგიისა და მითითებების გათვალისწინებით“ – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.
სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.