ლაგოდეხში, საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო სივრცე ამოქმედდება
ლაგოდეხში საჭიროების შემთხვევაში, საკარანტინო სივრცე ამოქმედდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე.
ნელი ხიზანიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით რეგიონის მასშტაბით, არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კახეთში ვირუსის არც ერთი შესაძლო შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
მისივე ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, 2-დან 16 მარტამდე, საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო ღონისძიებები ეტაპობრივად ჩატარდება.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით, რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.
გაერთიანებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკოორდინაციო ჯგუფის წევრები: მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოების ხელმძღვანელი პირები.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.