ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები სამმაგდება
ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის წევრებს გოგა გულორდავასა და სულხან მახათაძეს აქვთ.
კანონპროექტის მიხედვით, ნარჩენების გარემოში დაყრაზე სანქციები ზოგ შემთხვევაში ორმაგდება, ზოგ შემთხვევაში ოთხმაგდება და მეტადაც იზრდება. ახალი ვალდებულებები შემოდის კომპანიებისთვისაც.
თუ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, 2 კილოგრამამდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, მათ შორის სიგარეტის ნამწვით, 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი დაგიჯდებათ. თუ გარემოს ავტოტრანსპორტიდან გადმოყრილი ნარჩენით დაანაგვიანებთ, ჯარიმა აქ უფრო მკაცრია და 250 ლარს გულისხმობს, ნაცვლად დღეს არსებული 120 ლარისა.
5 ერთეულამდე საბურავის დაყრა 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ უფრო მეტი საბურავი არასათანადო ადგილზე იქნება განთავსებული, 2 ათასი ლარით.
ჯარიმები მკაცრდება სამშენებლო ნარჩენების არასათანადოდ განთავსებისთვისაც, 1 მეტრ კუბი ნარჩენის დაყრისთვის ფიზიკური პირები 500 ლარით, იურიდიული პირები კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
“თვითმიზანი არ ყოფილა, რომ გინდა თუ არა, ჯარიმა გაზრდილიყო და ამით გარემოს დაბინძურებას სრულად ავირიდებდით ან სრულყოფილ პრევენციას მოვახდენდით, თუმცა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ფაქტორიც მუშაობს”,- აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი სულხან მახათაძე.
კანონპროექტის მიხედვით, კანონს ემატება კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დანაგვიანებად მიიჩნევა, ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსებაც.
20 კილოგრამამდე ცხოველური სხეულის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 150 ლარის ნაცლად 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1000 ლარის ნაცვლად 1500 ლარი;
ხოლო 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენის არასათანადოდ განთავსებისთვის ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 1000 ლარი იქნება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 2 ათასი ლარი.