ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსისგან თავის დასაცავად – რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხელების ხშირად დაბანა, სასუნთქი სისტემის ჰიგიენა, დაავადებული ადამიანებისგან შორს ყოფნა აუცილებელია.

,,ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს. გარდა ამისა, აუცილებელია სასუნთქი სისტემის ჰიგიენა. ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით. ამით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.

ასევე შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი. არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.

თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს. აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.

თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში.

ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.

მოერიდეთ ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები).

მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად.

განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან კონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება”,- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.