სოფელ ნუკრიანში წარმოებული ღვინო ინტერნეტით იყიდება
ოჯახური ბიზნესი კაჭკაჭაშვილებმა გასულ წელს დაიწყეს, სოფელ ნუკრიანში 3 ჰექტარზე გაშენებული ვენახიდან აღებული მოსავლიდან გასაყიდად პირველი ღვინო დაწურეს და ჭაჭა გამოხადეს. ღვინის მწარმოებელი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „აკიდოს“ ბიოპროდუქტის შეძენა მომხმარებელს ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლია.
“გასულ წელს პირველად ჩამოვასხით 800 ბოთლი ღვინო. ბიო ღვინოს სოციალური ქსელში ფეისბუქ გვერდის საშუალებით ვყიდით და დეკემბრიდან დღემდე დაახლოებით 100 შეკვეთა გვაქვს მიღებული, რომელიც სხვადასხვა მოცულობის არის“, – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ვებგვერდის შექმნაზე მუშაობენ რათა მოსინჯონ, რამდენად წარმატებული იქნება ბიოღვინის მხოლოდ ონლაინ პლატფორმით რეალიზაცია.
კომპანია ვენახის გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.