ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ქურდობისა და სხვისი ნივთის განადგურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 30 წლამდე მამაკაცი ქურდობის და სხვისი ნივთის განადგურების ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბრალდებულმა 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში, ქალაქ დედოფლისწყაროში, თერგის ქუჩაზე, რამდენჯერმე გაქურდა მოქალაქის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც სხვადასხვა საოჯახო ნივთი და ტელევიზორი მოიპარა.

უწყების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცმა 2020 წლის იანვრის თვეში, ქალაქ დედოფლისწყაროში, იმავე ქუჩაზე, მოქალაქის ეზოში გაჩერებული სამი კომბაინიდან ნაწილები მოიპარა, რამდენიმე დღეში კი, ღამით, ერთ-ერთ კომბაინს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს ქურდობის და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.