ახალი ამბები

კომპანია ,,მეღვინეობა ხარება” თელავის პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება.

პირველ ეტაპზე, კომპანია გეგმავს დუალური პროგრამების განხორციელებას თელავის პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით და ასევე, რეგიონის მოსახლეობისთვის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შეთავაზებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თამარ ქიტიაშვილის თქმით, დუალური პროგრამების დანერგვა  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმებას და მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.

„მოხარული ვარ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩნდება პროფესიული განათლების მიწოდების ახალი შესაძლებლობა. ეს არის მისასალმებელი ფაქტი ვინაიდან კერძო კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობა არის საუკეთესო ფორმატი პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს, “-განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

დუალური სწავლებისას კერძო კომპანია და პროფესიული კოლეჯი ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ პროგრამას, სტუდენტი სწავლის პროცესში მნიშვნელოვან სამუშაო გამოცდილებასაც იღებს.

კომპანიასთან ამგვარი თანამშრომლობა სიახლეა კოლეჯ „პრესტიჟისათვის“, რომელიც თელავში ფუნქციონირებს და ამჟამად მნიშვნელოვანი განახლების პროცესშია.

კერძოდ, მიმდინარეობს კოლეჯის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და რეგიონის საჭიროებების შესაბამისად ახალი პროგრამების მომზადება.