სოფელ კისისხევში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დანგრეული ეკლესიის იყო კამარა და კედლების დიდი ნაწილი, ასევე შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით.
,,აღნიშნული სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. აღდგა და გადაეწყო კედლის საპირე წყობები რიყის ქვით კირის დუღაბზე, მოეწყო სამ საფეხურიანი ქართული აგურის ლავგვარდანი კირის დუღაბზე, ინტერიერში იატაკის დონე აიწია სველად დატკეპნილი ბალასტით, მოეწყო ხის კარ-სარკმელები ლითონის ელემენტებით, ხოლო იატაკი ქართული აგურით.
ასევე რიყის ქვით ეკლესიის ირგვლივ მოეწყო სარინელი. ტაძარი გადაიხურა კახური ღარიანი კრამიტოთ, კირდუღაბზე”, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.
კისისხევის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია XIV-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.