,,ეს ქვეყანა შენია“ – შეხვედრა პედაგაგოგებთან
თელავში სამოქალაქო კამპანიის – „ეს ქვეყანა შენია“ – ს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში მომუშავე სამოქალაქო განათლების პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ფართომასშტაბიან კამპანიაში საზოგადოების აქტიური ჩართულობა წარმოადგენდა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი თემურ ჯალიაშვილი განმარტავს, რომ კამპანია ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას.
,,თელავში შევხვდით სამოქალაქო განათლების პედაგოგებს და მივაწოდეთ სამოალაქო კამპანიის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
გარდა ამისა, გამოვაცხადეთ კონკურსი უფოსკლასელებისათვის სახელწოდებით ,,ეს ქვეყანა შენია – გაიზიარე პასუხისმგებლობა“. იმედი გვაქვს, ახალგაზრდები დაინტერესდებიან და აქტიურად ჩაერთვებიან.
კონკურსი გამოცხადდა სამ ნომინაციაში, ესენია: სამოქალაქო ღირებულებები, სადაც შეუძლიათ წარმოადგინონ ესეები, ვიდეორგოლები და სხვა.
მეორე გახლავთ სამოქალაქო აქტივიზმი, სადაც ახალგაზრდულმა ჯგუფებმა საკუთარ ქალაქსა და სოფელში განახორციელონ კრეატიული აქტივობები, ჩაერთონ მართვაში, მიიღონ მონაწილეობა არსებული პრობლემის მოგვარებაში, მიმართონ მერიას და სხვა.
მესამეა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის წარმოჩენა.’’,– განუცხადა knews.ge-ს თემურ ჯალიაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, შეისწავლეს საზოგადოების დამოკიდებულებისა და სტერეოტიპების შესახებ, რომელიც გავრცელებულია მოსახლეობაში როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
,,კვლევის საფუძველზე შემუშავდა საკომუნიკაციო სტრატეგია, შეირჩა სოციალურად აქტიური ჯგუფები: სტუდენტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მედია. სწორედ ამ სტრატეგიდან ჩამოყალიბდა სამოქალაქო კამპანია ,,ეს ქვეყანა შენია”.
კამპანია ეხმარება საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ გზა ევროპული ტიპის საზოგადოებისკენ გადის სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე, სადაც დაცულია უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები. არის ეკონომიკისა და განათლების მაღალი დონე, დაცულია სოციალური უფლებები”.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში მიმდინარებს, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი აფინანსებს.
ავტორი: მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი