რამდენად ეფექტურია სოფლის დახმარების პროგრამა და როგორია მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი კახეთში
მეორე წელია სოფლის დახმარების პროგრამა აღდგა, თუმცა სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებას მოსახლეობა კვლავ ითხოვს. ისინი გზების, წყლის სისტემის, გარეგანათებების, ახალგაზრდული ცენტრების, სკვერების და სხვა პრობლემების მოგვარებას თვითმმართელობას წლებია სთხოვენ.
თელავსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის თქმით, არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მცირე თანხებითაც არის შესაძლებელი, თუმცა იგივე სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელება ხდება.
ადგილობრივების განმარტებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მოსახლეობა დასასვენებელი სკვერის მშენებლობას წლებია ითხოვს.
ადგილობრივებმა აღნიშნული ინიციტივა initiative.ge-ზეც დაარეგისტრირეს და თვითმმართველობას მათ სოფელსა და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში სკვერების რეაბილიტაციას, კინოთეატრის გახსნას ან ახალგაზრდებისთვის სივრცეების მოწყობას მოითხოვენ, თუმცა სოფლის დახმარების პროგრამით შარშან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მოხდა.
,,მუნიციპალიტეტში არ არის კინოთეატრი, არ გვაქვს სკვერები და ადგილები, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან და სხვადასხვა აქტივობებს დაგეგმავენ, ან ღონისძიებებს განახორციელებენ. თვითმართველობამ ამ კუთხით უნდა იმუშავოს და იგივე სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხები ნაცვლად გზის უხარისხოდ დაგებისა, ამ პრობლემების მოგვარებისკენ უნდა მიმართოს’’, – აცხადებენ knews.ge-სთან საუბრისას ადგილობრივები.
არაფორმალური განათლების ცენტრების მოწყობას მოითხოვენ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები.
მათი თქმით, სკოლიდან გამოსვლის შემდეგ არ აქვთ სივრცე, სადაც შეიკრიბებიან, შეხვედრებს დააორგანიზებენ ან მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
,,ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა გვეძლეოდეს, რომ განვვითარდეთ და ფორმალური განათლების იქითაც არაფორმალური განათლება მივიღოთ. სკოლიდან რომ გამოვდივართ, წასასვლელი არ გვაქვს, რომ საღამოს შევიკრიბოთ, აზრები გავცვალოთ, დავაორგანიზოთ ღონისძიება, არ არის ამისი არც სივრცე, არც თავისუფალი ადგილი’’,– განუცხადა knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა ანა ჯანელიძემ.
ადგილობრივების თქმით, არის საკითხები, რისი განხორციელებაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებშიც არის შესაძლებელი, თუმცა სოფლებში გამართულ შეხვედრებზე სულ სხვა საკითხების წამოჭრა ხდება, რადგან მსგავს კრებებში ახალგაზრდების მონაწილეობა ნაკლებია, რადგან მათი განმარტებით. მათთან კრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია ნაკლებად აღწევს.
მათივე თქმით, კარგი იქნება თუ სოფლებზე გამოყოფილი თანხები მეტი იქნება, რომ სხვა პროექტების განხორციელებაც გახდეს შესაძლებელი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და სოფლის დახმარების პროგრამიდან გამოყოფილი თანხებით ნელ-ნელა ყველა სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული სიტუაცია ყოველწლიურად უმჯობესდება.
მისი თქმით, მოსახლეობის ჩართულობა კრებებზე დიდია, თუმცა მისი სურვილია ამ მხრივ აქტიურობა უფრო მეტად გაიზარდოს.
ხანდამაშვილი ასევე განმარტავს, რომ სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხები მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისია, რადგან სხვა მსხვილი პროექტების განხორციელებას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
,,წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გურჯანაის მუნიციპალიტეტში 520 000 ლარია გამოყოფილი. თანხები კი სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. არის სოფლები სადაც 20 000, 18 000 ან 10 000 ლარია გამოყოფილი.
გარდა ამისა, ზოგ სოფელში პროექტების განხორციელებისთვის მერია თანხით თანადაფინანსებაში შედის და გამოყოფილ ფულს გარკვეულ თანხას ამატებს. მაგალითად სოფელ გურჯაანში არის ე.წ ქაცვიანის ხიდის პრობლემაა, ამავდროულად მოსახლეობას უნდა გარეგანათების მოწესრიგება.
ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მერიის თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. აღნიშნული პროგრამით გამოყოფილი თანხები ვფიქრობ საკმარისია, რადგან სოფლებში მსხვილ პროექტებს ისედაც რეგიონული ფონდიდან ვახორციელებთ.
რაც შეეხება მოსახლეობის ჩართულობას, ისინი თავად წყვეტენ სად რა უნდა გაკეთდეს.
ამ დროისთვის დასახელებული წინადადებების მიხედვით ხდება ხარჯთაღრიცხვის გაკეთება და პროექტირების ეტაპი უკვე მთავრდება. ცოტა ხანში სამუშაოების განსახორციელებლად გამოვაცხადებთ ტენდერს’’,– განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტში წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ჯამში 717 000 ლარი დაიხარჯება. მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, გასული წლის მსგავსად უწყება ყველა სოფელზე გამოყოფილ ფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ამატებს, რაც სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.
თელავის მერი ასევე სოფლის დახმარების პროგრამის აღდგენის მმიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ გამოყოფილი თანხებით ბევრი მნიშვნლოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
,,ისევე როგორც შარშან, წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის თანხები გამოყოფილი 478 000 ლარის ოდენობით სოფლებზე, რომელსაც ემატება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 239 000 ლარი და ჯამში ეს თანხა გამოდის 717 000 ლარი, რომელიც გადანაწილებულია ყველა სოფელზე მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. მაქსიმალური თანხა შეადგენს 30 000 ლარს.
ჩვენ თითოეულ სოფელში მოსახლეობას ვხვდებით და კრებებზე ისინი თავად აყენებენ ინიციატივას, რომელიც ამ თანხის ფარგლებში შესაძლებელია რომ განხორციელდეს. თანხებიდან გამომდინარე გასულ წელსაც ზოგან ერთი პროექტი განხორციელდა, ზოგან ორი და სამი. სოფლის დახმარების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია.
მუნიციპალიტეტი როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ისევე სხვადასხვა ფონდებიდან დაფინანსებული თანხებით ისედაც ახორციელებს მსხვილ პროექტებს, თუმცა ეს ფინანსებიც ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობასთან უშუალო ჩართულობაა და მათი გადაწვეტით ხდება პროექტების განხორციელება’’,- განუცხადა Knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი კოტე კანდელაკი პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, მოქალაქეების ჩართულობის კუთხით თვითმმართველობამ მიდგომები უნდა შეცვალოს, რომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს სოფლის კრებებში მონაწილეობა, სადაც არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას მმართველ პირებს მიაწვდიან.
,,ზოგადად ასეთი პროექტების განხორციელება დადებითი მოვლენაა. რაც მეტი თანხა დაიხარჯება ადგილზე, ეს ძალიან კარგი იქნება. სასურველი იქნება ამ მხრივ მეტი თანხა იყოს გამოყოფილი და ეს სახელმწიფო პროგრამა გადაიქცეს თვითმმართველბების საბიუჯეტო პროგრამებად. ის წესი რაც დადგენილია, რომ მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა გაკეთდეს სოფელში, ეს უფრო მეტად დიდ მუშაობას და ძალისხმევას მოითხოვს, რომ დაიხვეწოს ეს მიმართულება.
აუცილებელია ეს თითოეულ მოსახლემდე დავიდეს, თუმცა დღეს ხშირ შემთხვევაში უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს. შერჩეულ პროგრამებზეც ეტყობა ხოლმე რომ ფორმალურად არის ჩატარებული შეხვედრები.
ჩემი აზრით, ამ პროგრამაში მთავარი არ არის ის, რომ რაღაც თანხა იხარჯება, რომელიც ძალიან მცირეა. ამისი მიზანია მოხდეს მოქალაქეების გააქტიურება და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. წლებია პროგრამა მიმდინარეობს მაგრამ სამწუხაროდ ამ მხრივ დიდი ნახტომი არ ჩანს. ამიტომ თვითმმართველობამ ამას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.
წელს ძალიან სწრაფად წარიმართა მოსახლეობასთან შეხვედრების პროცესი. ასეთ სიჩქარეში ჩატარებული შეხვედრები არ მგონია, რომ ეფექტური იყოს ჩართულობის კუთხით. ასევე არის კიდევ სხვა საკითხები მოსაგვარებელი, რომელზეც მუშაობა აუცილებელია’’,– განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.