ახალი ამბები

იმის თქმა, რომ ევროინტეგრაცია დასრულდა, არ იქნება სწორი – ვანო ჩხიკვაძე

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში 12-13 თებერვალს ევროპარლამენტში გაიმართა, ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ყველა სხდომის ბოლოს მიიღება, მნიშვნელოვანია და ეს არის პირველი სხდომა, როცა დოკუმენტის შინაარსზე ევროპარლამენტი და ქართული მხარე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება.

„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ყველა ჯერზე, როცა ტარდება ასოცირების კომიტეტის სხდომა და ეს წელიწადში ორჯერ იმართება, მსგავსი დოკუმენტი ყოველთვის მიიღებოდა ხოლმე. დღეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩავარდა, თუმცა, იმის თქმა, რომ ამით ევროინტეგრაცია დასრულდა, არ იქნება სწორი და არ მინდა, დრამატიზება ვითარების, მაგრამ ეს კარგის ნიშანი არაა.  ეს ნიშანია იმის, რომ შეფასებებში (რადგან ეს დოკუმენტი შეფასებითია) ჩვენი მხარეები ვერ თანხმდებიან. სხვანაირად უყურებს ევროკავშირი და სხვანაირად ვხედავთ ჩვენ პროცესებს. სამი ოთხი დღის წინ საშუალება მქონდა, მენახა ეს დოკუმენტი. ეს იყო გიგი უგულავას დაჭერამდე. საკმაოდ დადებით ტექსტი იყო, მაგრამ უგულავას დაკავების გამო, როგორც ჩანს, ვითარება გამწვავდა და ვეღარ შეთანხმდნენ შეფასებებზე“,ამბობს publika.ge-სთან ვანო ჩხიკვაძე.

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.

,,ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას – დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის“ და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს ანტისახელმწიფოებრივია”, – აღნიშნავს დავით სონღულაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძეს შეფასებით, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.

,,ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა ტექტი, რომელიც იყო ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ძალიან უცნაური. საუბარი იყო პროგრესზე და იმაზე, რომ მთლიანობაში ყველაფერი არის კარგად და მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია თურმე. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან კრიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას უპასუხა უარით ევროპარლამენტარმა. მათ არც ერთს არ დაუჭირეს მხარი და შემდეგ დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი, როდესაც ევროპარლამენტარების მიერ დაყენებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები ამ კომიტეტში და ყველა ცვლილება ჩაუგდეს მათ. ამის შემდეგ დადგა საბოლოო ცვლილების დროც და საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა უთხრა უარი, რაც არის უპრეცედენტო ამბავი”, – აცხადებს ოთარ კახიძე.

ვანო ჩხიკვაძის ინფორმაციით, ეს არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია პროგრესი და გამოწვევები, ასევე წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი. მისივე თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, მარტში ევროკავშირი საქართველოზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

„ჩემთვის ცნობილია, რომ მარტში აპირებენ ევროკავშირი-საქართველოზე რეზოლუციის მიღებას. იქ უკვე ევროპის მხარე თავისუფალია და კრიტიკა, რომელიც აქ უნდა ჩადებულიყო, იქ გადავა და შეიძლება, უფრო მწვავეც იყოს“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.