ახალი ამბები

თელავში მასწავლებლის მიერ მოსწავლის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თელავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, პედაგოგის მიერ მოსწავლის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

შესაბამისი განცხადებით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულ სამმართველოს მოსწავლის მამამ მიმართა.

ის საკუთარ განცხადებაში მასწავლებლის მიერ მისი შვილის ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ძალადობაზე მიუთითებს.

ინციდენტსა და პედაგოგის მიმართ გამოსაყენებელი სახდელის შესახებ, მსჯელობას აგრძელებს სკოლის დისციპლინური კომიტეტიც, რომელსაც დირექტორმა საქმის შესწავლის მიზნით მიმართა.

შეგახსენებთ, ინფორმაცია, თელავის პირველ საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.