ახალი ამბები

გურჯაანში მევენახეთა კონფერენცია გაიმართება

გურჯაანში მევენახეთა კონფერენცია წელს მეორედ გაიმართება და მისი მთავარი თემა იქნება “მევენახეობის თანამედროვე პრობლემები საქართველოში”.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მევენახეთა კონფერენცია გასული წლისგან განსხვავებით უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.

,,წელს კონფერენცია ახალი თემებითა და საკითხებით 29 თებერვალს სოფელ კაჭრეთში გაიმართება, სადაც საუბარი შეეხება მევენახეობის განვითარების პრობლემებს საქართველოში და ვაზის გაშენების თანამედროვე გზებს, ასევე აგრო დაზღვევის პროგრამას. საუბარი იქნება ქვევრის ღვინის უპირატესობებზე მსოფლიო ბაზარზე, საოჯახო ტიპის მარნების განვითარებასა და დაფინანსების წყაროებზე, ქართული ღვინის ხარისხსა და მის ექსპორტზე. ღონისძიების ბოლოს გაიმართება ღვინის დეგუსტაცია და მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენა”, –აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ კონფერენციაზე დასწრების მსურველმა მევენახეებმა, აუცილებელია შეავსონ მერიის გვერდზე განთავსებული აპლიკაცია 25 თებერვლამდე.