საგარეჯოში არასრულწლოვანი გოგონას მოტაცების საქმეზე ორი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
როგორც “knews”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 20 წლამდე მამაკაცმა თანამზრახველთან ერთად, 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 წლის გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.
ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.