დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობკომპანიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
knews.ge-ს ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მოქმედ ნავთობმომპოვებელ კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასთან” ყოფილი თანამშრომლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სახელფასო 11 თვიანი დავალიანების ნაზაღაურებას ითხოვენ.
მათი მტკიცებით, დღეს დილით სოფელ მირზაანიდან კომპანიამ ნავთობით დატვირთული მანქანა დედოფლისწყაროს ნავთობბაზის მიმართულებით უკვე გამოუშვა. ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, რომ მათ დაკავებით ემუქრებიან, თუ ისინი კომპანიას მუშაობის პროცესში ხელს შეუშლიან.
დღესვე ნავთობაზასთან საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან. “ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული.
კომპანიის თანამშრომლებმა ამ მოთხოვნით აქცია უკვე გამართეს 24 იანვარს. “ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სანამ ხელფასი არ ჩაერიცხებათ, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ. თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს ერთი თვის წინ მიმართეს.
კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” თანამშრომლებისთვის 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას გეგმავს. კომპანიის მენეჯერი გიორგი ჯანიაშვილი ამბობს, რომ “ფრონტერა” მოიძიებს თანხებს და გათავისუფლებულ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას სრულად აუნაზღაურებს. კომპანია “ფრონტერას ” 80-ზე მეტი თანამშრომლის 11 თვიანი დავალიანება ჯამში 1 მილიონ ლარამდე შეადგენს.