კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ აჭარაში მომუშავე 15 მეღვინე გადაამზადა
კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ”DMO Visit Kakheti”-მ ამერიკის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში მოქმედი საოჯახო მარნების წარმომადგენლები და მეღვინეები გადაამზადა.
კახეთში ღვინის საგანმანათლებლო სასწავლო ტურს მასპინძლობს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია. პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონიდან შეირჩა ღვინის გიდებისა და მეღვინეების ორი სხვადასხვა ჯგუფი, რომელთაც აქვთ ზრდის ყველაზე მეტი პოტენციალი.
”DMO Visit Kakheti”-ს აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, 15 კაციანმა ჯგუფმა გაიარა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლება.
თინიკო ხანჯალიაშვილის თქმით, პრაქტიკული სწავლების ფარგლებში მეღვინეები გაეცნენ დიდი და მცირე საწარმოების, საოჯახო მარნების მუშაობის სპეციფიკას და ღვინის დაყენების კულტურას.
”აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, DMO Visit Kakheti”-მა ორ ნაკადად გადაამზადა აჭარიდან ღვინის გიდები და მეღვინეები.
გასულ კვირას ვუმასპინძლეთ 25-მდე გიდს და ახლა 15 კაციან მეღვინეთა ჯგუფს ვმასპინძლობთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ტრენინგები გამოვიდა და მაღალ დონეზე შეფასდა ჩატარებული აქტივობები. მეღვინეობის მიმართთულებით გიდებმა და მეღვინეებმა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავეს. ისინი ასევე გაეცნენ ინფორმაციას, როგორ წარუდგინონ და გააცნონ უკეთესად მოსულ სტუმარს ქართული ღვინო და მისი ისტორია’’,- განუცხადა knews.ge-ს თინიკო ხანჯალიაშვილმა.
კახეთში ღვინის საგანმანათლებლო სასწავლო ტურს დაესწრო, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი როგორც მარიკა ოლსენმა knews.ge-სთან საუბრისას განმარტა, რომ მსგავსი ღონისძიებების მიზანია აჭარისა და კახეთის რეგიონებში მოქმედ მეწარმეებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და ბიზნესში მიღებული საუკეთესო პრაქტიკისა და მეთოდების ერთმანეთისთვის გაზიარება.
მისივე თქმით, USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მუშაობას გააგრძელებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან და კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან, ასევე მეღვინეებთან და ღვინის გიდებთან, რათა ხელი შეუწყოს ორივე რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და დასაქმებას.