ახალი ამბები

სასამართლომ პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

თელავის რაიონულ სასამართლში პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილისა და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ, მანამდე კი დაცვის მხარემ ბრალდებულ რუსლან ხანგოშვილის საქმეში ნერწყვის და ხელის კვლევის ნიმუშების აღების ოქმის უდაოდ ცნობის შუამდგომლობა მოითხოვა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან და მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

არბი ქავთარაშვილისა და რუსლან ხანგოშვილის ადვოკატის, ელენე ქიშმარიას თქმით, არბი ქავთარაშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ნაწილში აღიარებს, მკვლელობის ნაწილში კი დუმილის უფლებას იყენებს.
მისივე თქმით, იარაღის უკანონო ტარების ფაქტს აღიარებს მეორე ბრალდებულიც, ხოლო ერთი პირის სხეულის განზრახ დაზიანების ნაწილში დუმილის უფლებას იყენებს.

,,დღევანდელ სხდომაზე არცერთი მოწმე არ დაკითხულა, რადგან დაცვის მხარემ სადავო და არასადავო მტკიცებულებებზე ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა მტკიცებულება გავხადოთ არასადავო. ამისთვის დრო დაგვჭირდება”, – განაცხადა ელენე ქიშმარიამ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 13 თებერვალს, 15:00 საათზე დაინიშნა.ცნობისთვის, 27 ნოემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკსის ხეობის სოფელ საკობიანოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 36 წლის ვისი მუთოშვილი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 21 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი დააკავა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.