კახეთში ბავშვთა საკვების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

კახეთში ბავშვთა საკვების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება.

იდეის ავტორის, რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებლის გიორგი ალადაშვილის ინფორმაციით, საწარმოს ზუსტი ადგილმდებარეობა ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის. მისი განმარტებით, საწარმოს ასამოქმედებლად 2-3 მლნ ლარის ინვეტიცია განხორციელდება.

მეწარმე ასევე განმარტავს, რომ აღნიშნულ საწარმოში ხილფაფებისა და ხილის ჩირის წარმოება მოხდება, ხილს კი ადგილობრივი მეწარმეებისგან ჩაიბარებენ.

,,მაქვს ვენახები, სადაც რამდენიმე სახეობის ვაზია გაშენებული და ყურძნისგან ვაკეთებ წვენებს. საწარმოს აშენების იდეაც აქედან მოვიდა. გარდა ამისა, მაქვს აქტიური ურთიერთობა ფერმერებთან და მათ კონსულტაციას ვუწევ ბიოლოგიურად სუფთა ხილის მოყვანის მიმართულებით.

მე და ჩემმა პარტნიორმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს პარტნიორ ფერმერებთან ერთად ხილფაფებისა და ხილის ჩირის წარმოება დაგვეწყო. საწარმო იმუშავებს ადგილობრივი ფერმერებისგან მოყვანილი ნედლეულით და ძირითადად ყველა იმ ხილისგან დამზადებული პროდუქცია გვექნება, რაც საქართველოში მოდის“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ალადაშვილმა.

ალადაშვილი განმარტავს, რომ თუ სად აშენდება საწარმო ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა კახეთის რეგიონში აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე მუნიციპალიტში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

მისი განმარტებით, საწარმოს მშენებლობას 2-3 მილიონამდე ლარის ინვესტიცია სჭირდება, რომლის მოძიების პროცესიც ახლა მიმდინარეობს.

„დაახლოებით, 2-3 მლნ ლარის ინვესტიციის მობილიზება დაგვჭირდება. ეს იქნება როგორც ჩვენი პირადი სახსრებით, ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგვეხმაურონ, განვიხილავთ ასევე სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებსაც. ამაზე აქტიურად ვმუშაოთ.

საწარმოს მშენებლობის პროცესი, წელს ივნისში დაიწყება. ვგეგმავთ, რომ ქარხნისთვის აუცილებელი მანქანა-დანადგარები იტალიიდან ჩამოვიტანოთ’’,- აცხადებს გიორგი ალადაშვილი.

მეწარმე განმარტავს, რომ საწარმოს მუშაობისას ძირითადი აქცენტი Hand Made-ზე გაკეთდება, რომლის გატანაც ევროკავშირის ბაზარზე მოხდება.

„გვექნება ეკოლოგიურად სუფთა ორი ხაზი: Hand Made და ტექნოლოგიებით წარმოება, მაგრამ ხელით ნაწარმი იქნება უფრო ძვირი, ხოლო მანქანა-დანადგარების მიერ წარმოებული შედარებით დაბალი ღირებულების. ჩვენი სამომავლო გეგმაა, რომ Hand Made ნაწარმი გავიდეს ევროპის ბაზარზე. ამ საკითხზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს”,– აცხადებს გიორგი ალადაშვილი.

ალადაშვილი განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე ქარხანაში, 20-30 ადამიანი დასაქმდება.

გიორგი ალადაშვილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ბიოდინამიური მეურნეობა რამდენიმე წლის წინ აამოქმედა. მას 2 ჰექტარზე ძველი ქართული ვაზის ჯიშებისგან გაშენებული აქვს ვენახი, რომელსაც ბიოდინამიური მეთოდით ამუშავებს და ათამდე სხვადასხვა სახეობის მცენარის ნახარშისგან დამზადებულ ხსნარით წამლის.

ალადაშვილი ირწმუნება, რომ ვენახის მოვლის და მიწის დამუშავების დროს აგროქიმიკატებს არ იყენებს და ვაზს მთვარის კალენდრის მიხედვით უვლის.

მევენახეობის გარდა, ახალგაზრდა მეწარმე მეცხოველეობას, მემარცვლეობას, მეხილეობას და მეფუტკრეობას მისდევს. ალადაშვილს კაკლის და თხილის პლანტაციებიც აქვს.

მეწარმე ასევე აგროტურისტული მიმართულებითაც საქმიანობს. ის ტურისტებს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას და თელავში საინტერესო ადგილების დათვალიერებას სთავაზობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *