800-მდე კომპოზიციის ავტორი გურჯაანიდან
ახალგაზრდა კომპოზიტორი სოფო რაფაელა 800 მუსიკალური ნაწარმოების ავტორია, საიდანაც 250-მდე უკვე ნაცნობ კომპოზიციას, როგორც ქართველი ასევე უცხოელი მომღერლები ასრულებენ.
სოფოს მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა. კომპოზიტორად მის ჩამოყალიბებაში კი დიდი როლი დედამისმა, მუსიკოსმა კლარა კეჟერაშვილმა ითამაშა.
,,ბავშვობიდან შევეჭიდე მუსიკალურ ანაბანას. ეს არც იყო უცხო იმიტომ, რომ დედა არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ ქართულ მუსიკალურ სამყაროში საკმაოდ წარმატებული იყო. კლარა კეჟერაშვილი უამრავი ანსამბლის ხელმძღვანელი და არაერთი ღირსეული მუსიკოსის აღმზრდელია.
დავამთავრე დედას ხელმძღვანელობით შექმნილი არტ კოლეჯი და შემდეგ უკვე უმაღლესი ცოდნა მივიღე, როგორც ვოკალური ასევე თეორიული განხრით. პირველი საავტორო კონცერტი კახეთის რეგიონში შედგა, სადაც შესრულდა ჩემი საავტორო 21 სიმღერა. მაშინ 15 წლის ვიყავი და ეს იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა, თუმცა ამან დიდი სტიმული და უფრო მეტის გაკეთების სურვილი მომცა.
მის მერე თავაუღებლად ვშრომობ. დამკვიდრებას, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად ბრძოლაც ჭირდება და სიტყვის სიძლიერის მოპოვებას. ვმუშაობ მომღერლებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 800-ზე მეტი სიმღერა სახეზეა. აქედან 250-მდე უკვე გადის რადიოსა და ტელევიზიაში. დანარჩენი კი მზის სინათლეს და კარგ შემსრულებლებს ელოდება’’,- განუცხადა knews.ge-ს სოფო რაფაელამ.
კომპოზიტორი მიიჩნევს, რომ მუსიკალურ სამყაროში წარმატების მისაღწევად და თავის დასამკვიდრებლად აუცილებელია დაუღალავი შრომა.
,,მუდმივ განვითარებაზე თუ არ ხარ ორიენტირებული, წარმატებას ამ სფეროში ვერ მიაღწევ. ჯანმრთელობის გამო ცოტა ხნით ვიყავი გაჩერებული, თუმცა ახლა ახალი ძალებით ვიწყებ მუშაობას. მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები როგორც კომპოზიტორის და მომღერლის აქტუალობას არ კარგავს და ჩემს სიმღერებს ისევ უსმენენ. ვთხოვ, დამწყებ მომღერლებს მიყვნენ დინებას, ნუ იჩქარებენ და შეეცადნენ, შექმნან ღირებული, რაც გაუძლებს დროს. ყველაზე მთავარია, რომ უნდა გაუფრთხილდნენ იმ დიდ მემკვიდრეობას, რაც ქართველმა კლასიკოსებმა დაგვიტოვეს და რასაც ქართული ჰქვია.
არ შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო და თქვა მე უნდა გავხდე მომღერალი. ეს ფულით არ წყდება. ხშირად ეშლებათ და შესაბამისად ვიღებთ საშინელ შედეგს’’, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას სოფო რაფაელამ.
კომპოზიტორი უახლოეს მომავალში კახეთში საავტორო კონცერტის ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, კონცერტზე ყველა ის სიმღერა შესრულდება, რომელმაც როგორც მას, ასევე მისი მუსიკალური ნაწარმოებების შემსრულებელს წარმატება მოუტანა.
,,კახეთში სულ მალე ჩავატარებ საავტორო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მომღერლები და შემსრულებლები მიიღებენ. გარდა ამისა, იგეგმება უკრაინაში ჩემი სოლო კონცერტის ჩატარება, რომელსაც კურირებს საერთაშორისო საქველმოქმედო კომპანია “სიკეთე” უკრაინის პარლამენტის წევრების თანადგომით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვიდეო კლიპის გადაღება, რომელშიც მეხმარება არაჩვეულებრივი ნიჭიერი ახალგაზრდა ტონი ცერცვაძე. ბავშვებთან ვმუშაობ “ბუ”- ს ახალ პროექტზე, რომელიც დასრულდება 24 თებერვალს ფილარმონიაში. პროექტში სხვადასხვა ანსამბლთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჩემი ბავშვები.
ძალიან რთულია საქმიანობა პირად ცხოვრებასაც შეუთავსო. ძალიან მეხმარება ჩემი შვილი ნიკოლოზი, რომელიც მორალურად და ფიზიკურად გვერდით მიდგას. მეორე ნახევარი რომელიც აქტიურადაა ჩემ საქმეში ჩართული და სტიმულს მაძლევს’’, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას კომპოზიტორი.
სოფო რაფაელა სამომავლოდ საკუთარი ლექსების ერთ კრებულად გამოშვებას გეგმავს.