კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 3 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდება
სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის სამ თანამშრომელს სამსახურის დატოვება მოუწევს.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შეტყობინებით მიიღეს. თანამდებობიდან, სავარაუდოდ, გათავისუფლდება სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე დალი მოსიაშვილიც.
“მართალია შეტყობინებები მივიღეთ, თუმცა ბრძანება ჯერ არ მოგვსვლია. გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია სახელდება”, – განაცხადა დალი მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, 28 სოციალური მუშაკი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის 15-მდე თანამშრომელი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან სამსახურიდან გათავისუფლდება. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სტრუქტურული რეორგანიზაციაა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში, პირველი თებერვლიდან, მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება.
ფონდის დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განმარტებით, იქმნება ახალი უწყება, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.