ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ახმეტის ინოვაციების ცენტრში ახალგაზრდულმა ჯგუფებმა იდეების პრეზენტაცია გამართეს

ახმეტის ინოვაციების ცენტრში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ახალგაზრდულმა ჯგუფებმა ინოვაციური იდეების პრეზენტაცია გამართეს.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მათ სხვადასხვა არასამთავრობო თუ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ჟიურის წევრებს იდეების დეტალური აღწერა წარუდგინეს, მისი დადებითი მხარეების, ტურიზმსა და ეკონომიკაზე მის გავლენასა და ხარჯთაღრიცხვაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ჟიურიმ 8 იდეიდან 2 გამარჯვებული თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიდან გამოავლინა. ჟიურის წევრების განმარტებით, გამარჯვებული იდეები ყველასგან სიმარტივით და მდგრადობით გამოირჩეოდა.

ახმეტის ინოვაციების ცენტრის მენეჯერის, შორენა ჩაფურიშვილის თქმით, მონაწილე გუნდებს გადაეცათ საჩუქრები, როგორც კონფერეციის ორგანიზატორებისგან, ასევე სპონსორებისაგან.

ტურისტულმა კომპანიამ „ Dina Travel”-მა კი თავისი რჩეული ორი მონაწილე სიღნაღიდან და ლაგოდეხიდან დაასაჩუქრა ორმხრივი ავია ბილეთით მილანში სამოგზაუროდ.
,,ახმეტის ინოვაციების ცენტრის ახალგაზრდების გუნდმა მიიღო დაფინანსება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. სწორედ ამის დახმარებთ ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები.
მსგავსი კონფერენცია კახეთში პირველად ტარდება და ეს ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ინოვაციური იდეების ერთად თავმოყრას ისახავს მიზნად.
8 მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილმა გუნდებმა ჟიურის წევრებს გააცნეს იდეები და გამართეს მისი პრეზენტაცია. გარდა ამისა, მათ მიიღეს გარკვეული რეკომენდაციები იდეის სრულყოფისთვის.

ყველა მონაწილე გუნდს შეფასებების მიხედვით გადაეცა საჩუქრები, მომავალში კი მათთან სისტემატიური კონტაქტი გვექნება. ჩვენ გვინდა ამ იდეებს მხარდამჭერები ვუპოვოთ, რომ ახალგაზრდებმა ისინი აქციონ რეალობად და ბიზნესი წამოიწყონ. ამით მათ ექნებათ ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა.

ჟიურის რჩეული გახდა თელავის გუნდი ინიციატივით „მწვანე სკამი“ და გურჯაანის გუნდი „ციფრული ტექნილოგიების გამოყენებით საინფორმაციო გზამკვლევების შექმნა”.

ასევე მათ მიეცათ რეკომენდაციები იდეის სრულყოფისთვის. ვფიქობთ, რომ შეიქმნას ერთგვარი პლატფორმა კახეთის რეგიონისათვის და ერთობლივად ვიმუშავოთ, შევხვდეთ სტარტაპერებს და გავეცნოთ მათ ბიზნეს იდეებს და დავეხმაროთ მის განხორციელებაში’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას შორენა ჩაფურიშვილმა.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ააიპ „Kakheti“, DMO-ვიზიტ კახეთი, შპს „ Dina Travel “, შპს „აირონ+“, „თუშეთის განვითარების ფონდი“ და თელავის ტექნოპარკი.