თბილისში მოხალისეობის ეროვნული ფორუმი გაიმართა
განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მოხალისეობის ეროვნული ფორუმი ,,შენთვის, ჩემთვის, ცვლილებებისთვის- მოხალისეობის დროა’’ გაიმართა.
ფორუმი ორგანიზებული იყო პროქტის ,,სამოქალაქო განვითარების ინიციატივა’’ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და,,კონრად ადენაუერის ფონდი’’.
ფორუმის მიზანი იყო საქართველოში მოხალისეობის პოპულარიზაცია, მოხალისეობის კულტურისა და გამოცდილების გაზიარება ეროვნულ დონეზე, განვითარების პერსპექტივების მიმოხილვა პოლიტიკაში და მისი პრაქტიკაში განხორციელების ჭრილში, ასევე ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებში მოხალისეობის წარმატებული მაგალითების გაზიარება და რეგიონთაშორისი კავშირების დამყარება.
ფორუმში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მათ შორის კახეთიდან, 200-მდე სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტრესებული მხარეების წარმომადგენელი.
ღონისძიება განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მისასამებელი სიტყვით გაიხსნა. ლია კილაძე მიუთითებს, რომ მოხალისეობას ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში და ამავე დროს ის მონაწილეობითი დემოკრატიის აშკარა გამოხატულებაა.
,,ის, რაც პროექტს განსაკუთრებით გამოარჩევს სხვა აქტივობებიდან, არის განსხვავებული მიდგომები საქმიანობების გახორციელების დროს. მაგალითად პროექტი თანამშრომლობს საქართველოს რეგონებში 10 ჰაბ ორგანზაციასთან, რომლებიც წარმოადგენენ ინფორმაციის გამტარ სტრუქტურებს.
მოხალისეობას ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს საზოგადოიების განვითარებაში. ის აძლევს ბიძგს ახალგაზრდებს, აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამავე დროს მიიღონ სარგებელი საკუთარი ცოდნის, კომპეტენციებისა და უნარების გაძლიერებით. ჩვენი ძალისხმევა სწორედ მიმართულია მოხალისეობრივი საქმიანობების პოპულარიზაციისთვის’’,- განუცხადა knews.ge -ს ლია კილაძემ.
ღონისძიების ფარგლებში სპიკერებმა მოხალისეობა სხვასდასხვა პერსპექტივიდან წარმოადგინეს. ფორუმზე განიხილეს მოხალისეობის ,,სწავლების“ და აღიარების გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული პოლიტიკა და სახელმწიფო პროგრამები, როგორც მოხალისეობრივი კულტრის დამკვიდრების შესაძლებლობა ახალგაზრდებში, ასევე მოხალისეობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა და სხვა.
პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხელმძღვანელი დავით აფრასიძე განმარტავს, რომ მოხალისეობის კულტურის განვითარება ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობების უკეთ წარმართვაში და ის ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
,,ეს პროექტი და ღონისძიება მთლიანად არის მიმართული იქითკენ, რომ გამოვავლინოთ, ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, თუ როგორ გაუმჯობესდეს გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება საქმიანობს. ამასთანავე ყველაზე მთავარია, გავააქტიუროთ ახალგაზრდები და არა მხოლოდ ისინი. ასევე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვაჩინოთ ახალი სახეები სამოქალაქო საზოგადოებაში. ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანს დაგვეხმარება საქმიანობის უკეთ წარმართვაში და ეს იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი’’,– აღნიშნა ” knews.ge -სთან საუბრისას დავით აფრასიძემ.
ღონისძიების მეორე ნაწილში მუშაობა ჯგუფურ ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ იმსჯელეს.
კახეთის რეგიონში მოქმედი მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ სხვა ორგანიზაციები, მათი საქმიანობა და გაიგონ რა რესურსი აქვთ ორგანიზაციული საქმიანობების განვითარების კუთხით.
,,რეგიონული ორგანიზაციებისთვის მოხალისეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფორუმზე ახალი ორგანიზაციები გავიცანით, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა და იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალში კიდევ გაიმართება, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები მოყვება’’,- ამბობს knews.ge -სთან საუბრისას საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კამპანიის ,,ეს ქვეყანა შენია“ პრეზენტაცია და ჟურნალისტთა კონკურსის ,,ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.