აქცია დედოფლისწყაროში – ნავთობკომპანიის 80-ზე მეტი თანამშრომელი 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომუშავე ნავთობკომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიადან“ გათავისუფლებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა 11 თვის ხელფასის ანაზღაურების მიზნით დღეს აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიიდან თანამშრომლები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ შრომის ანაზღაურების გარეშე მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს.
„11 თვის განმავლობაში ხელფასი არ მოუციათ. ასე როდემდე უნდა გვემუშავა? მშივრები ხომ არ ვიქნებით? ბანკის ვალი გვაქვს და რითი გადავიხდით? არ ვიცით, ვის მოვთხოვოთ პასუხი, ყველა თავიდან გვიშორებს. ვითხოვთ კუთვნილ ხელფასს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. ნიკოლოზ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ კომპანიის ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნა სამართლიანია.
,,აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის სამართლიანი. მათ 11 თვეა არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასი, რაც შრომითი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ჩვენ ამ ადამიანებს გვერდით დავუდგებით”, – აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.