ახალი ამბები

საფეხბურთო კლუბმა „თელავი“ 2020 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო

ეროვნული ლიგის დებიუტანტმა საფეხბურთო კლუბმა „თელავი“ 2020 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. მწვრთნელი, რევაზ გოცირიძე გუნდს თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ავარჯიშებს.
 
კლუბში განმარტავენ, რომ მზადების პერიოდში დაგეგმილია უცხოური შეკრებაც.
მათი ინფორმაციით, 8 თებერვალს გუნდი ანტალიაში გაემგზავრება, სადაც ორი კვირის მანძილზე მოემზადება და 4-5 ამხანაგურ-საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
მათი თქმით. საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ გუნდი გააძლიეროს და 2020 წლის საფეხბურთო სეზონს ეროვნულ ლიგაში სათანადოდ მომზადებული შეხვდეს.
გუნდის პირველი შენაძენი ლაშა კოხრეიძეა. 21 წლის თავდამსხმელს „საბურთალოსთან“ კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და კარიერას „თელავში“ გააგრძელებს.
„საბურთალოდან“ „თელავში“ მეტი სათამაშო პრაქტიკის იმედად გადავედი. „თელავი“ ამბიციურ კლუბად ყალიბდება და დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში წარმატებით ითამაშებს“ – ამბობს ლაშა კოხრეიძე.
32-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას „თელავი“ 29 თებერვალს გამართავს. კლუბი საქართველოს ჩემპიონს, თბილისის „დინამოს“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება.