„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც 40 მილიონი ლარით ფინანსდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მილიონი ლარია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. უწყების ინფორმაციით, კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა.
2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან კახეთში 366 პროექტი განხორციელდა.
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდა.