ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ გიორგი იჩუკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ განმარტა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის და მასალების განადგურების დიდი რისკი არსებობდა, რის გამოც დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე.
სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი იჩუკაიძის ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
,,სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მოსამართლის გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო ამომწურავი გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა საფუძველი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი. მოსამართლეს ვერ დავეთანხმები იმაშიც, რომ თავისუფლების შემთხვევაში გიორგი გაანადგურებდა საქმის მტკიცებულებებს იქიდან გამომდინარე, რომ ის ნებაყოფლობით მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში”, – აღნიშნა ლევან მარსაგიშვილმა.
გიორგი იჩუკაიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)” წარედგინა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
14 იანვარს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს.