თელავში, დავით გარეჯში მომხდარ ფაქტზე დაკავებულის მამის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
დავით გარეჯში მესაზღვრის მძევლად აყვანის მცდელობისთვის დაკავებულ გიორგი იჩუკაიძეს მამის სახლში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მდებარეობს ჩხრეკა ჩატარდა.
გიორგი იჩუკაიძის მამის ინფორმაციით, იგი დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ სამართალდამცავებმა ჩხრეკა მის სახლშიც ჩაატარეს.
მისი თქმით, პოლიცია სახლში იარაღს ეძებდა.
,,იარაღს ეძებდნენ, თუმცა, სახლში ვერაფერს მიაგნეს. ვიცი იარაღი ჰქონდა, მაგრამ არ ვიცი საიდან აღმოაჩნდა ხელყუმბარა”,- განაცხადა რუბენ იჩუკაიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ დავით გარეჯში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გიორგი იჩუკაიძემ, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჰქონდა, ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა.
შინაგანს აქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დაკავებულ პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.