ყვარელში ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავება იწყება
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ახალგაზრდული სტრატეგიის შექმნაზე იწყებს მუშაობას.
საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ქევხიშვილის თქმით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდული სტრატეგიის შექმნაზე, ახალგაზრდების ინფორმირებასა და მათი ინიციატივების დამუშავების მიმართულებით სხვადასხვა ღონიეძიებებს განახორციელებს.
მისი განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 166 000 ლარია გამოყოფილი.
,,ეს შევძელით მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ერთად. დაწყებულია ახალგაზრდულ სტრატეგიაზე მუშაობა, რაც მიზანდ ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას დასაქმების კუთხით. ამ მიმართულებით 166 000 ლარი უკვე გამოყოფილია ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას და გაძლიერებას. სტრატეგიის შემუშავების შემდეგ მოხდება როგორც კერძო ინიციატივების დაფინანსება, ასევე ახაგაზრდებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა პროექტებში ჩაერთონ. გარდა ამისა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ გადამზადებას, ასევე კერძო სექტორში გავუწევთ რეკომენდაციას და ხელფასის ნაწილში მოვახდენთ თანადაფინანსებას.
ამ ყველაფრის ორგანიზებულად განხორციელებისთვის საკრებულოში შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. მერიიდან კი ჩართული იქნება მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი სამსახურებთან ერთად.
საბოლოოდ კი ერთობლივი მუშაობთ შევიმუშავებთ პროექტს, რომელსაც საკრებულოზე ვუყრით კენჭს დასამტკიცებლად. მიღებული პროექტი კი საშუალებას მისცემს ბევრ ახალგაზრდას არ მოწყდეს მუნიციპალიტეტს, დასაქმდეს აქ და თავისი თავის რეალიზება აქ მოახდინოს. ვფიქრობთ ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით. რაც მთავარია ახალგაზრდების ჩართულობა ამ კუთხით მნიშვნელოვანია’’,– განაცხადა დავით ქევხიშვილმა.