თელავის მერი პროფესორ თენგიზ სიმაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი თელავის უნივერსიტეტის პროფესორზე თენგიზ სიმაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, მის მიმართ თენგიზ სიმაშვილის მიერ გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება.
იგი ცილისწამებაზე სიმაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამართლებრივად მოუწევს ბრალდებებზე პასუხისგება.
“რამდენიმე დღის წინ თენგიზ სიმაშვილმა სცადა ჩემი დადანაშაულება გარკვეულ ძალადობრივ ქმედებებში, თითქოს მე ვიყავი ამ ყველაფერის ორგანიზატორი.
ჩემი ინფორმაციით, თენგიზ სიმაშვილი იმ პიროვნების ბავშვის ნათლია და მეგობარია, თუმცა მან უარყო რომ ამ პიროვნებას იცნობდა და მასთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ნათელია რომ თენგიზ სიმაშვილის მიერ თავიდანვე გაჟღერდა ტყუილი.
მე ვითხოვ მისგან საჯარო ბოდიშს, როგორც მედიასაშუალებების, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით, რასაც ის საკმაოდ აქტიურად იყენებს. უარყოს ჩემი მისამართით გაჟღერებული ცილისწამება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას”- განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
ცნობისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს თენგიზ სიმაშვილს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მისი თქმით, მის საცხოვრებელ სახლში ადგილობრივი მკვიდრი გოჩა გოდერძიშვილი შეიჭრა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მკვლევარი განმარტავს, რომ დაპირისპირება და უთანხმოება არავისთან აქვს და ის მომხდარ ფაქტს მის მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას უკავშირებს, რომლის ფარგლებშიც თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური პარკის გახსნას ითხოვენ.
პროფესორის მტკიცებით, სოციალური კამპანია თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინტერესებს ეწინააღმდეგება და შესაბამისად მისი ფიზიკური ანგარიშსწორების უკან შოთა ნარეკლიშვილი დგას.