ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის პროფესორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თენგიზ სიმაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს.
თენგიზ სიმაშვილის თქმით, მის საცხოვრებელ სახლში ადგილობრივი მკვიდრი გოჩა გოდერძიშვილი შეიჭრა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მკვლევარი განმარტავს, რომ დაპირისპირება და უთანხმოება არავისთან აქვს და ის მომხდარ ფაქტს მის მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას უკავშირებს, რომლის ფარგლებშიც თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური პარკის გახსნას ითხოვენ.

პროფესორის მტკიცებით, სოციალური კამპანია თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინტერესებს ეწინააღმდეგება და შესაბამისად მისი ფიზიკური ანგარიშსწორების უკან შოთა ნარეკლიშვილი დგას.

,,მოვითხოვ, გადამოწმდეს აღნიშნული პირის და შოთა ნარეკლიშვილის კავშირები, მიმოწერები და გაირკვეს ეს საკითხი შესაბამისი სამსახურების მიერ’’,- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.

ისტორიკოსის თქმით, ის თავის დასაცავად ყველა კანონიერ გზას მიმართავს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი კი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.