ახალი ამბები

თუშეთში შესაძლოა 7,8 კმ-იანი საბაგირო აშენდეს

თუშეთში შესაძლოა 7,8 კმ-იანი საბაგირო მოეწყოს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კერძო კომპანიამ უკვე მოამზადა პროექტი, რომლის ღირებულება 20 მილიონ ლარს არ გადააჭარბებს.

გუბერნატორის განმარტებით, ამ ეტაპზე კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის დეტალები ზუსტდება, რომლის დასრულების შემდგომ შესაძლოა, თუშეთში სამშენებლო სამუშაოები დაწყოს.

“თუ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, დარჩება მხოლოდ მშენებლობის დაწყების პროცესი. ვადებს წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს მომავალ წელს დაიწყება.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის შედარებით ინოვაციური პროექტი, მაგრამ უკვე კარგად აპრობირებული, მას არ სჭირდება ელექტროენერგია ანუ ავტონომიურად მოძრაობს და მას თავისი ძრავი აქვს და ის დიდი დანადგარები, რაც კლასიკურ საბაგიროებს ამოძრავებს, არ სჭირდება, ფასიც გაცილებით ზომიერია. სიგრძე დაახლოებით 7,8 კილომეტრია, ხოლო ღირებულება არ იქნება 20 მილიონ ლარზე ძვირი”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

პროექტის განხორციელების ლოკაციად აბანოს უღელტეხილი განიხილება.