ახალი ამბები

ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკის მოწყობაზე აუქციონი გამოცხადდა

ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკის მოწყობაზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, რომ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს არანაკლებ 8 000 000 ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის.

,,დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ლაგოდეხის რაიონში, ლაგოდეხის აღკვეთილში მდებარე 21 175 კვ.მ და 1432 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოაწყოს ხის კენწეროების ბილიკი, საინფორმაციო ცენტრი და საპარკინგე სივრცე”,- აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

პირველი ხის კენწეროების ბილიკი ლაგოდეხში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, მოეწყობა.

სააგენტოს ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს.

,,მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით ერთი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება.

ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია, „CITYFORESTER“-მა მოამზადა. კომპანია ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს. „CITYFORESTER“-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: „OPENFABRIC“ და „IMAGINE STRUCTURE“ და ერთი ქართული ორგანიზაცია “CENN” იყო ჩართული. ორგანიზაციებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტებზე და ინტელექტუალურ დიზაინზე მუშაობის მიმართულებით”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაშის (TJS) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.