ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მთავარ ფინანსური დოკუმენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარადგინეს.

შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, სადაც მერიამ საკრებულოს შენიშვნებისა და რეკომენდაციების უმრავლესობა გაითვალისწინა, 24 548 100 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით თითქმის სამი მილიონი ლარით გაზრდილი.

ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებამ 2019 წელთან შედარებით 1 800 000 ლარით მოიმატა, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 400 000 ლარით მეტია გამოყოფილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის საბიუჯეტო სახსრები 632 600 ლარით გაიზარდა, ხოლო სკოლამდელი განათლებისთვის კი 255 000 ლარით მეტია განსაზღვრული.

ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.