კახეთში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში გახსნილი ფერმა შპს „თეთრი ფერმა“ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„ეს ფერმა ნამდვილად გამორჩეული და ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. აქ დაცულია ყველა ის სტანდარტი, რაც დღეს მესაქონლეობის და სურსათის უვნებლობის კუთხით არსებობს. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებს, რომლებიც პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც მესაქონლეობის კუთხით არსებობს და რაზეც, სამინისტრო ბოლო წლებში ინტენსიურად მუშაობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში გვქონდეს სულ უფრო მეტი მაღალპროდუქტიული, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ფერმა, სადაც ყველა სტანდარტი დაცული და გათვალისწინებული იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მესაქონლეობის მიმართულებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფერმა სახელმწიფოს დახმარებით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად ჯამურად, ინვესტიციის სახით, 15 200 000 ლარამდე დაიხარჯა. 1 500 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.
„თეთრი ფერმა“ ნიდერლანდურ-ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს პირველი კატეგორიის 10 ტონა ნედლ რძეს. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანიაში, მუდმივად დასაქმებულია 35 ადგილობრივი მაცხოვრებელი.