ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფმა ,,გიგოს გორაზე” მემორიალური პარკის გახნის მოთხოვნით თელავის საკრებულოს პეტიცია წარუდგინა

თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური სკვერისა და ქალაქის ტერიტორიაზე, ყოფილი ,,პოლიტბიუროს“ შენობაში მემორიალური მუზეუმის გახსნას ითხოვენ.

იდეის ავტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილია.

ინიციატივის განსახორციელებლად თენგიზ სიმაშვილმა და საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები შეაგროვეს, პეტიცია დაამუშავეს და თელავის მუნიციპალიტის საკრებულოს წარუდგინეს.

,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელზე საინიციატივო ჯგუფმა შევიტანეთ პეტიცია. სპონტანურად დაწყებული სოციალური კამპანიის დროს შეგროვდა 1124 ხელმოწერა. გარდა ამისა ინიციატივა ავტვირთე საიტზე initiative.ge სადაც 800-ზე მეტი ხელმოწერა და უამრავი გამოხმაურება აქვს.

იმედია ხელისუფლება გაიზიარებს მოსახლეობის მოთხოვნებს და ქმედითი ღონისძიებების გატარებით, ჩვენ ერთად შევძლებთ 2024 წლისთვის თელავში უსამართლოდ რეპრესირებულთა მუზეუმის შექმნას ჩეკა-ს ყოფილ შენობაში, ხოლო ,,გიგოს გორა”, თელაველების სამარე, იქცევა მემორიალურ პარკად. 
მადლობა თელავის მოქალაქეებს, თესაუ-ს სტუდენტებს მათი უანგარო მხარდაჭერისა და ხელმოწერების შეგროვების პროცესში დახმარებისათვის. სოციალური კამპანია, ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვისგან თავისუფალი, მხოლოდ მოქალაქეების კეთილ ნებაზე დამყარებული მოძრაობა იყო”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას თენგიზ სიმაშვილმა.