ახალი ამბებისტატიები

რა თანხები დაიხარჯება თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებებზე

ყოველ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები სხვადახვა თანხას ხარჯავენ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული იხარჯება როგორც კონცერტების ჩასატარებლად, ასევე საახალწლო განათებების მოსაწყობად და ნაძვის ხეების განსათავსებლად.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 20 000 ლარს დახარჯავს სცენის მოსაწყობად, განათებებისთვის, ფოიერვერკებისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის. რაც შეეხება ნაძვის ხეს, როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, უწყებას ნაძვის ხის დასადგმელად წელს თანხა არ დაუხარჯავს.

,,შარშან ნაყიდი ნაძვის ხე გვქონდა და წელს არაფერი შეცვლილა ამ მიმართულებით. რაც შეეხება საახალწლოდ კონცერტს, სცენის, განათების, გახმოვანების, გადახურვის და ფეიერვერკისთვის 20 000 ლარი დაიხარჯება დღგ-ს ჩათვლით. გარდა ამისა, ახალწელს იმღერებს ჯგუფი ,,ფრენდ საიდი,,, რომელზედაც 13 400 ლარი დაიხარჯება’’,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია კი ახალწელს 27 000 ლარს გარე განათებების დეკორაციების მოწყობაში, ხოლო 10 000 ლარს კონცერტის გამართვისთვის დახარჯავს.

,,27 ათასი ლარი დაიხარჯება გარე განათების დეკორაციების მოწყობისთვის, 10 ათასი ლარი კი გალა კონცერტის ჩასატარებლად. ამ თანხაში შედის სცენის ქირაობა და გახმოვანება. გარდა ამისა, 1100 ლარი შშმ პირებისთვის საახალწლოდ ტკბილეულის გადასაცემად დაიხარჯება, 61 სოციალურად გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ მივცემთ ერთჯერადად 200 ლარს. სულ ჯამში 12 200 ლარი იხარჯება და 5 000 ლარი იხარჯება საბავშო ბაღებში ბავშვებისთვის საჩუქრების გადასაცემად’’,- განუცხადეს knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

საახალწლო ღონისძიებებისთვის 60 000 ლარი დაიხარჯება გურჯაანის მუნიციპალიტეტში. როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ თანხაში არ შედის ნაძვის ხის ყიდვა და განთავსება, რადგან მერიამ 5 წლის წინ ნაყიდი ნაძვის ხე დადგა.

,,გასულ წლებში საახალწლო ნაძვის ხე, თამარ მეფის ქუჩაზე, ნაკლებად ხალმხრავალ ადგილას იყო განთავსებული, რის შესახებაც უკმაყოფილებას მოქალაქეები თავადაც გამოთქვამდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის საახალწლო ქალაქი და მთავარი ღონისძიებებიც სწორედ იოსებ ნონეშვილის გამზირზეა დაგეგმილი, მთავარი საახალწლო ნაძვის ხეც სწორედ აქ განთავსდა”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გასულ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის კახეთის 8 მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი თანხა 84 000 ლარი დაიხარჯა ყვარლის მუნიციპალიტეტში, გურჯაანში 41 000, დედოფლისწყაროში 18 000 ლარი, ხოლო ახმეტაში 15 000 ლარი.