თელავის აეროპორტ “მიმინოში” ორძრავიანი ტიპის თვითმფრინავის პრეზენტაცია გაიმართა
ქალაქ თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინოში“ ახალი Tecnam-ის ორძრავიანი ტიპის თვითმფრინავის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრო. მიხეილ ჩხენკელმა თავადვე გამოსცადა ახალი თვითმფრინავის შესაძლებლობები.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
თელავის აეროპორტში, რომელიც თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით არის აღჭურვილი, საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.
აეროპორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.