ოპოზიცია- ლაგოდეხის 2020 ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებები არ არის გათვალისწინებული
27 დეკემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს, რომელმაც 13 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მანამდე კი მერიამ, როგორც საკრებულოსს, ისე ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი შენიშვნები უნდა განიხილოს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ევა ლომთაძე ამბობს, რომ მერიამ მთავარი საფინანსო დოკუმენტი ისე შეიმუშავა, რომ მასში მოსახლეობის საჭიროებები არ არის გათვალისეინებული.
ევა ლომთაძე აცხადებს, რომ სოციალური მიმართულებით ბიუჯეტში პროგრამები დასახვეწია, ასევე დასამატებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს.
,,სოციალური პროგრამების კუთხით გვაქვს შენიშვნები. ეს საკითხები ჯერ კიდევ შარშან და შარშანწინ დავაყენეთ. ვითხოვთ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის განხორციელდეს პროგრამები, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს. წინა წლებში, ასეთი ბავშვებისთვის დახმარების პროგრამა იყო, მაგრამ ახლა აღარ მუშაობს.
მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ მოხდეს წამლებით ან წამლის საყიდელი ფულით დახმარების პროგრამის დაფინანსება და ამას არ ითვალისწინებს მერია.
ჩვენ კონკრეტული პროექტები გვქონდა წარდგენილი ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით და მათი გააქტიურებისთვის გვინდოდა სხვადასხვა აქტივობების ჩატარება, ეს ინიციატივაც არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრების დროს აყენებს სკვერების მოწყობის საკითხსაც, რის მოგვარებასაც მერი პირდება მათ და როცა დრო მოდის არაფერი კეთდება.
წლებია ვითხოვთ ე.წ. პოლკოვის ბაღის და ცაცხვების სკვერის რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელებას და არ ხდება მისი გათვალისწინება. ელემენტარულად არც პროექტი არსებობს ამ ადგილების განვითარების. გარდა ამისა, საეჭვოა ასევე განათლების და კულტურის ა(ა)იპ ორგანიზაციის მიერ თანხების განკარგვის საკითხიც. დიდი თანხა იხარჯება, მაგრამ ჩამოთვლილი არ არის კონკრეტული აქტივობები, რაში რამდენი იხარჯება. მთლიანობაში კი შეგვიძლია ვთქვათ 2020 წლის ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. ჩვენ ამ კონკრეტულ შენიშვნებს ვამუშავებთ და მივმართავთ საკრებულოს”, – განუცხადა knews.ge-ს ევა ლომთაძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოთქმული საკითხებია ასახული 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში.
მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზრდება, რომელსაც ასევე სახელმწიფო პროგრამებიდან გამოყოფილი თანხებიც დაემატება.
,,2020 წლის ბიუჯეტის პროექტმა ამ დროისთვის 13 მილიონ 116 000 ლარზე მეტი შეადგინა. პრიორიტეტულია ისევ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ მიმართულებაზე დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამაში შედის საგზაო ინფრასტრუქურის, ასევე წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესება და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. გამოყოფილი 4 მილიონიდან 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯება წყალმომარაგების პროექტების განხორციელებაზე სოფლებში.
სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება და მისი დაფინანსება შეადგენს 890 000 ლარს. ამაში შედის უფასო სასადილოების, ასევე თბობის სეზონთან დაკავშირებული ხარჯები, მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და სხვა.
მთლიანი ბიუჯეტის თანხას დაემატება, წლის განმავლობაში რეგფონდიდად გამოყოფილი თანხები. ბიუჯეტის პროექტი სწორედ მოქალაქეებთან შეხვედრებზე გამოთქმული საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა”, – განუცხადა knews. Ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.
მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების ზრდა არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა ხელფასების ზრდა ბაღების მასწავლებლებისთვისა და აღმზრდელებისთვის მოხდეს.
,,ადმინისტრაციული ხარჯები 1 იანვრიდან არ იზრდება, თუმცა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა არის, რომ 2020 წლის სექტემბრიდან ბაღებში მასწავლებლების და აღმზრდელების ხელფასები გაიზარდოს 100 ლარით. მხოლოდ ამ მიმართულებით იგეგმება ცვლილება”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ასევე სპორტის, კულტურის და ახალგაზრდული მიმართულებებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, აღნიშნული კუთხით იგეგმება სხვადასხვა სახის აქტივობების ჩატარება, რისთვისაც ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.
,,წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდობის წესი დავამტკიცეთ საკრებულოზე. ამისთვის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, მოხდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების ფინანსური წახალისება ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით. ეს იქნება მათთვის, ვისაც 91 და მეტი ქულა ექნება ორი სემსესტრის შეფასება”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.