ახალი ამბებისტატიები

26 წლის მამაკაცი ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 26 წლის ტატო შეითნიშვილი პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს.

აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თავად შეითნიშვილიც დაესწრო.
ტარიელ შეითნიშვილი პოლიციამ 1-ელ დეკემბერს, ადმინისტრაციული წესით, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა.

შეითნიშვილის მტკიცებით, დაკავებისას პოლიციელებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა.

მან ეს ინფორმაცია „ფეისბუკით“ გაავრცელა და გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ჩანს ზურგის და თვალის არეში დაზიანებები და დახეული ქურთუკი.

„ასე გვეპყრობა ლაგოდეხის პოლიცია რიგით მოქალაქეებს და ხელის შეწმენდას კიდევ ჩვენზე ცდილობენ“, – წერს ტატო შეითნიშვილი.

შეითნიშვილის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ცენტრის წარმომადგენლები კახეთის პოლიციის დეპარტაენტის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების უფროსისა და სხვა სამართალდამცავების სავარაუდო დანაშაულის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავს ტარიელ შეითნიშვილს, რომელიც პოლიციამ 1 დეკემბერს დააკავა ადმინისტრაციული წესით, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. დაკავებისას სამართალდამაცვებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც ტარიელ შეითნიშვილის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა.

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მაგრამ ტარიელ შეითნიშვილი დაზარალებულად ჯერჯერობით ცნობილი არ არის”,- აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი.

,,ტარიელ შეითნიშვილი ამბობს, რომ 1 დეკემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ,,გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის გვერდით იდგა მერსედესის მარკის ავტომანქანით. პატრულირებისას მანქანა შენიშნეს ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც შეითნიშვილი იცნობს და ასახელებს სახელებით და გვარებით.

მათ შორის იყო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი კლიმიაშვილი.

ტარიელ შეითნიშვილის ჩვენებით, პოლიციელებმა მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა და პირადობის მოწმობის წარდგენა. საპასუხოდ მან მანქანიდან გადმოსვლამდე დაიწყო ავტომობილის მინების აწევა, რათა ძაღლი არ გადმომხტარიყო ფანჯრიდან. პოლიციელებს, სავარაუდოდ, არ მოეწონათ, რომ მაშინვე არ გადმოვიდა მანქანიდან და ისე, რომ არც უცდიათ სიტუაციის გარკვევა, ძალით გამოუხსნეს მანქანის კარი, გადმოათრიეს მანქანიდან და ათრიეს ასფალტზე.

ერთ-ერთმა პოლიციელმა ყელში ხელი წაუჭირა. ცემდნენ თავის არეში. ბოლოს გადაიყვანეს პოლიციაში და გზად ასევე ცემდნენ.
მამაკაცი აცხადებს, რომ პოლიციაში მისვლისას იგი დიდი ხნით გააშიშვლეს, თითქოსდა ჩხრეკის მიზნით, რის გამოც მის ჯანმრთელობას მიადგა სერიოზული ზიანი და დასჭირდა სამედიცინო დახმარება”,- აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებმა ტარიელ შეითნიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. შსს-ში განმარტავენ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს, დაკავებისას გადაამეტა თუ არა პოლიციამ ძალას.