თელავში საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის ცერემონია გაიმართა
საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საზეიმოდ თელავშიც აღიმართა.
ღონისძიებაზე მიწვეულ ახალგაზრდებს სიტყვით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა. შოთა ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზა უპირველესად ახალგაზრდების ნათელი მომავალია.
,,ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი სახელოვანი წინაპარი, რომელთა შორის სულ ცოტა სულხან საბა ორბელიანის და მეფე ერეკლეს სახელებიც კმარა, თუმცა დამეთანხმებით, გაცილებით მრავალრიცხოვანია ჩვენს თანამემამულეთა სახელოვანი ლაშქარი, რომელთა სისხლის, თავგანწირული შრომისა და უდიდესი ღვაწლის ფასად დადგა დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე ჩვენი ქვეყნის მრავალჭირნახულ ისტორიაში.
საქართველოს ევროპულ არჩევანს ნაბიჯ-ნაბიჯ, მტკიცე ნებითა და დემოკრატიული ფასეულობების აღიარებისა და პატივისცემის გზით ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე მივყავართ .
ეს არის რთული, წინააღმდეგობებით, მრავალი სირთულით აღსავსე გზა, თუმცა სწორედ ამისთვისაა მოწოდებული საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მტკიცე მხარდაჭერა, რადგან საქართველოს ევროპული გზა უპირველესად ჩვენი ახალგაზრდების ნათელი მომავალია, რომლისთვისაც ხელისუფლების და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის ნაყოფიერი მოღვაწეობა და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, სრულიად საზოგადოების არჩევანის მტკიცე ნება იმედს გვისახავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გაწერილი ევროინტეგრაციული კურსი მიგვიყვანს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე, რისი დასტურიცაა უკვე რეალობადქცეული ოცნება- ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
დროშის აღმართვის ცერემონიალთან ერთად ღონისძიებაზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.