ახალი ამბები

გურჯაანში საახალწლო ნაძვისხე მერიის შენობის წინ განთავსდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებებზე ჯამში 60 000 ლარი დაიხარჯება.

ღონისძიებების ფარგლებში, საახალწლო ნაძვის ხე იოსებ ნონეშვილის გამზირზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მონტაჟდება.

მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხე, რომლის სიმაღლე 12, ხოლო დიამეტრი 5 მეტრია, სპეციფიკურ ტექნიკურ სამუშაოებს მოითხოვს განთავსებისთვის და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვისთვის.

,,საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას ხელს არ შეუშლის. ნაძვის ხე ტროტუარის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს დაიკავებს და მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ.

გასულ წლებში საახალწლო ნაძვის ხე, თამარ მეფის ქუჩაზე, ნაკლებად ხალმხრავალ ადგილას იყო განთავსებული, რის შესახებაც უკმაყოფილებას მოქალაქეები თავადაც გამოთქვამდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლის საახალწლო ქალაქი და მთავარი ღონისძიებებიც სწორედ იოსებ ნონეშვილის გამზირზეა დაგეგმილი, მთავარი საახალწლო ნაძვის ხეც სწორედ აქ განთავსდება”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.