ახალი ამბები

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან.

უწყების ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და სოფლებში – ბაკურციხეში, კოლაგში, ძირკოკში, ჭანდარში, ვეჯინსა და ჩუმლაყში.

,,ახალი გზა შეამოკლებს და უფრო უსაფრთხოს გახდის გზას თელავიდან-თბილისამდე, რომელიც ამჟამად არის ვიწრო და გადის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე ვაზიანი-ბაკურციხე-გურჯაანის მონაკვეთზე. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის, აშენებულია 6 კმ. გზა და 6 ხიდი, ასევე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შენდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.