თელავში ინკლუზიური თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ სპექტაკლის „კონტაქტი“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენა ეხება გზას, რომელსაც სული დაბადებამდე გადის.
მსახიობების თქმით, დადგმაში ნაჩვენებია მთავარი გმირების სხვადასხვა განზომილებაში გადაადგილება, მათი შეხვედრა უცნაურ არსებებთან, რომელიც დაბადებისთვის მზადების პროცესს ასახავს.
,,სპექტაკლში მთავარი გმირები ეძებენ კარს, რომელიც მათ დედამიწასთან დააკავშირებს. ყველაფერი სულის განსხეულებით მთავრდება და გვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანი და უნიკალური დანიშნულებით ევლინება მატერიალურ სამყაროს.
აღსანიშნავია, რომ პირველმა ქართულმა ინკლუზიურმა სპექტაკლმა საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოიპოვა. სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა ჩინეთის დრამატული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ივლისში ქალაქ პეკინში გაიმართა”, – აცხადებენ მსახიობები.
ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.