ახალი ამბებითვითმმართველობასტატიები

ოპოზიცია – გურჯაანის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი არ არის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტმა 14 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი გასულ წელთან შედარებით 400 000 ლარით არის გაზრდილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში შენიშვნები აქვთ.

მათი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზე არ არის მორგებული.

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ბუწაშვილი განმარტავს, რომ ბიუჯეტის პროექტში არის უამრავი ე.წ. ,,შავი ხვრელი“ რომელიც ჩინოვნიკებს საშუალებას მისცემს ფული არა ხალხის, არამედ თავიაანთ საკეთილდღეოდ დახარჯონ.

მისივე თქმით, ფრაქციის წევრები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში არსებული კონკრეტული ხარვეზების აღმოსაფხვრელად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და გასათვალისწინებლად საკრებულოს მიაწვდიან.

,,2020 წლის ბიუჯეტის პროექტი არაფრით განსხვავდება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავარი საფინანსო დოკუმენტისგან. პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, რომელიც არ სუფსიდირდება. ეს არის ძალიან ცუდი. რამდენ ხანს უნდა იყოს გურჯაანი ხელოვნურ მართვაზე არავინ იცის.

დოკუმენტის ნახვისას დავრწმუნდით, რომ არის უამრავი ე.წ. ,,შავი ხვრელი’’, რომელიც არაკეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს, მათ შორის ჩინოვნიკებს აძლევს საშუალებას უმოწყალოდ მიითვისონ ხალხის, კეთილსინდისიერი გადამხდელების ფული. ჩვენი აზრით, ბიუჯეტის პროექტი მკვეთრად აცდენილია მოსახლეობის საჭიროებებს’’,- განუცხადა Knews.ge-ს თემურ ბუწაშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.

უწყებაში განმარტავენ, რომ სწორედ მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრების შემდეგ შემუშავდა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, სადაც გათვალისწინებულია  ადგილობრივების მიერ წამოყენებული საკითხები.

,,მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს სოფლებში მოსახლეობასთან. სწორედ იქ დაყენებული საკითხებია ასახული მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. მაგალითად: შეხვედრების დროს მოსახლეობა ითხოვდა სოფლებში საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების მოწყობას, სწორედ ამ საკითხებს მიექცევა მომავალ წელს მეტი ყურადღება’’,- განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.

ნატო გონგაძე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი აღზრდა და სოციალური სფერო იქნება პრიორიტეტული.

,,ბიუჯეტის პროექტი საკრებულოდან შენიშვნებით უკან უკვე დაბრუნდა, მოხდა მერიის მიერ შენიშვნების გათვალისწინება. ახლა საბოლოო ვარიანტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ 10 დეკემბრამდე მიეწოდოს საკრებულოს.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტმა 14 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა. 2019 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ გეგმას თუ შევადრით, გაზრდილია 400 000 ლარით. პრიორიტეტები არის ინფრასტრუქტურა, ასევე სოციალური სფერო. გარდა ამისა, დასუფთავების კუთხით გაიზარდა დაფინანსება. სოციალური პაკეტების დაფინანსება გაიზარდა 100 000 ლარით და მთლიანად შეადგინა 1 მილიონ 650 000 ლარი. ასევე გაიზრდება სკოლამდელი აღზრდის კუთხით დაფინანსება და შეადგენს 3 მილიონამდე ლარს. მიმდინარე წელს მოხდა სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების კუთხით და და აღმზრდელების ხელფასების გაზრდა და სწორედ ამან გამოიწვია თანხის გაზრდა.

ინფრასტრუქტურული მიმართულება ორი კოდით განისაზღვრა. ცალკეა გზები, წყლები, ხევები, საკანალიზაციო სისტემები და მათი მოვლა პატრონობა. ეს მიმართულება დაფინანსდება 4 მილიონამდე ლარით. დასუფთავების მიმართულება 1 მილიონ 320 000 ლარით დაფინანსდება.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, არცერთ მუხლში არ არის გაზრდილი თანხები. პირიქით შემცირდა 20 000 ლარით. ისე როგორც წელს, სახელფასო ფონდი მომავალ წელსაც 2 მილიონ 290 000 ლარით განისაზღვრება’’,- განუცხადა knews.ge-ს ნატო გონგაძემ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან მეტი თანხა სოციალურ მიმართულებებზე უნდა დაიხარჯოს, რომელიც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ მოქალაქეებს დაეხმარება.

,,სოციალური მიმართულება უნდა იყოს მთავარი. მეტი უნდა იყოს სოციალური პროექტი, რომ მშიერ და სიცივეში მყოფ სოციალურად დაუცველებს დაეხმარონ. გარდა ამისა, პრობლემაა სასმელი წყალი და შიდასაუბნო გზები, რომელიც დაზიანებულია. ამ საკითხს თუ მიექცევა ყურადღება კარგი იქნება’’,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის მკვიდრმა ლევან ჯეჟერაშვილმა.