DMO კახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონულ კონფერენციას ჩაატარებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს და ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO Visit Kakheti ორგანიზებით, 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება რეგიონული კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები კახეთში“.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კახეთში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ სტუდენტს/პირს, რომელთა წარმოდგენილი ნაშრომები უნდა იყოს ინდივიდუალურად შესრულებული (მოცულობა 5-10 გვერდის ფარგლებში) და ემსახურებოდეს ტურიზმის განვითარებას.
,,შეხვედრა ჩატარდება თელავში, ლოპოტაზე. ნაშრომები უნდა ეხებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას: ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვას მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან;
შიდა ტურიზმის სტიმულირებას; კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;
ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნას; საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას, დაცვას და წარმოჩენას;
მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზს, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოებას და გაუმჯობესებას; პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO ვიზით კახეთის მიერ და ასევე, მისი ელექტრონული ფორმატი განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორით დაინტერესებული სტუდენტების, პირების და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე DMO ვიზით კახეთის თანამშრომლობის გაძლიერებას და მათი ჩართულობის ამაღლებას კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების საკითხებში.
კონფერენცია მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და რეგიონში ამ მიმართულებით შექმნილ ორგანიზაციას და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.
მონაწილეები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას.
მსურველებმა ნაშრომები 3 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: tourism.conference.kakheti@outlook.com”,-აცხადებენ DMO Visit Kakheti-ს წარმომადგენლები.