პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლულ მამაკაცს დღეს დაკრძალავენ
პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარ დაპირისპირების დროს მოკლულ 36 წლის მამაკაცს დღეს დაკრძალავენ.
სოფელ ჯოყოლში ვისო მუთოშვილის მშობლიურ სახლთან პანკისელები არიან შეკრებილები.
სამძიმარზე მყოფი ადგილობრივები გვარებს შორის წარსულში დაპირისპირებას გამორიცხავენ და მომხდარს „ხადორი“ სამი ჰესის მშენებლობის საკითხს უკავშირებენ.
“მათ შორის კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ სწორედ ჰესების თემაზე დაიწყო. იყო აზრთა სხვადასხვობა და სწორედ ამან გამოწვია დაპირისპირება. ეს ყველაფერი იცოდნენ ძალოვნებმა და ხელისუფლებამ, თუმცა არაფერი გააკეთს ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრებათ”, – აცხადებენ ადგილობრივები.
ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში კონფლიქტი ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 4.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.