აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა
აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის გაცხადებით, სამართალდამცავების მიერ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადმინისტრაციული კოდექსით 28 პირი იყო დაკავებული, თუმცა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. გამომდინარე იქიდან, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელებს ბლოკავენ, ასევე აწყობენ პროვოკაციებსა და ავტომანქანების გადაადგილების ზღუდავენ, შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, ასევე უზრუნველყოფს დეპუტატებისა თუ მოქალაქეების თავისუფლად გადადგილებას”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მისი განმარტებით, ვიდრე აქციის დაშლა დაიწყებოდა, აქტივისტებმა პოლიციისგან შესაბამისი გაფრთხილება მიიღეს.
ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, რაც თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებამ გამოიწვია.
გუშინ გაერთიანებულის ოპოზიციის აქტივისტებმა აქციის დროს პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი, თუმცა აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის გამოც სპეცრაზმმა აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 28 პირი დააკავეს.
ფოტო: cyc.ge