ირაკლი შიოლაშვილი – მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ის მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.
სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის მზად არის ამ საკითხის სანაცვლოდ დატოვოს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატიც.
შიოლაშვილი მიიჩნევს, რომ პროპრციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური პროცესები წავა.
„მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. არის მეორე სახის კითხვაც – მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რამდენად იქნება გარანტი ქვეყნის სტაბილურობის? ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც არასტაბილურობაში გადადის.
ვშიშობ, ჩვენს ქვეყანას არ შეექმნას არასტაბილურობის პრობლემა. მხარს არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას. პრინციპული ხაზია და მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატი.
თუ ჩვენს მოსაზრებებს არ გაითვალისწინებენ და იქნება გარკვეული ზეწოლა, მზად ვართ, გადაწყვეტილება მანდატის დატოვებაზე მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო.
მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.
ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. პარლამენტმა ეს კანონპროექტი ჩააგდო.
უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, რისთვისაც აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.